პრემიერმა ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის ახალ სქემაზე ისაუბრა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის ახალ სქემაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქვეყანა ენერგეტიკის სექტორში, მინიმუმ, 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ელოდება.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე ომმა და კრიზისმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის საჭიროება. მისივე თქმით, საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი რესურსი, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, „ამას სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება”.

„ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და მათთან ეს სქემა, რომელსაც ეხლა წარმოგიდგენთ, შეიძლება ითქვას, რომ არის შეთანხმებული, გავლილი და ამას სულ რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალური სახე მიეცემა.

ე.ი. ჩვენ რას ვგულისხმობთ ახალი შეთავაზებით, ახალი სქემით – მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლები, ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მგვტ-მდე ჰესებზე არის გაცემული მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული, – ეს ერთი საკითხი.

მეორე საკითხი – ბუნდოვანი იყო ასე ვთქვათ ახალი პროექტების ბედიც და ზოგადად ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე, ამიტომ ახალი სქემა არის შემდეგი  – სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ე.წ. cfd ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს.

მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. ამაში არ შედის, რა თქმა უნდა, ის 800 მგვტ, რომელზეც მე ვთქვი უკვე და ასევე არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა „ნამახვანი“, „ნენსკრა“ და „ხუდონი“.

ანუ ჯამურად მხოლოდ ამ 1 500 მგვტ-ის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ველოდებით. ამას დაემატება 800 მგვტ-ის პროექტები და კიდევ ის მსხვილი პროექტები, რომლებზეც უკვე დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ.

მინიმუმ, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში.

ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ შემოგვაქვს სიცხადე, მეორე მხრივ კი, ვაცხადებ, რომ ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ინვესტორებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერმა.

LB loan image desktop LB loan image mobile