ადმინისტრაცია: პრემიერმა პრეზიდენტის მიერ სი ძიპინზე განცხადების გამო სინანული გამოხატა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა და სალომე ზურაბიშვილის განცხადების გამო სინანული გამოხატა.

საუბარია სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუზე LCI-სთან – საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხეს, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, სი ძინ პინი უიგურების გენოციდისთვის, პუტინი კი ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა, თუმცა ეს რეალისტური არაა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება და მას კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელი უწოდა.

„აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას. ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.

პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს მიმართავს და პირად შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და სწორედ მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმების საჯარო და უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიცირების მიზეზი.

პრემიერის განცხადებით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი არ აწარმოებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.

საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმართვა საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოსა და მისი ლიდერის მიმართ. პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.