პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობის 100 დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს.
„დღესვე გაათავისუფლეთ მზია.
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მზია ავლენდა სამაგალითო გამბედაობას და მტკიცე ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის მიმართ.
საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, მოუხსნას მას არაპროპორციული ბრალდებები და ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე.
ჩვენ ვართ მზია ამაღლობელის, „ბათუმელებსა” და „ნეტგაზეთში” მისი კოლეგების და საქართველოში ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტის გვერდით”. – წერს IPI.
ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.
ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.
მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა.