პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ - ადმინისტრაცია

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება.

საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს“,- ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი  სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა.

თბილისის აეროპორტში ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, მას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი დახვდნენ.

დღეს ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.