პრეზიდენტი: არჩევნების მიმართ უნდობლობა პირველი ნაბიჯი იქნება დესტაბილიზაციისკენ

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსზე ვეტოს გამოყენების გამო „ოცნების“ კრიტიკას უპასუხა.

პრეზიდენტმა მედიის ნაწილთან პრესკონფერენცია გამართა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, რომ პრეზიდენტის ვეტო მომავალი არჩევნების დისკრედიტაციისთვის ნიადაგის მომზადებაა, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ოცნება“ ოცნებობს, რომ პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გახდეს, თუმცა მმართველი გუნდის სპიკერები თავად არიან ამ პარტიის განშტოებები.

„ოცნება“ ოცნებობს იმაზე, რომ მე გავხდე უცებ „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაცა ლიდერი, ავიწყდებათ, რომ თვითონ არიან ნაციონალური მოძრაობის განშტოებები.

ვინც დღეს ლაპარაკობს ოცნებაში და ეს არ ეხება 2012 წლის ოცნებას, ვინც დღეს ლაპარაკობს, ძალიან თავი მოჰყავს და მე მაბრალებს, რომ ვარ ნაციონალური მოძრაობის ერთგვარი ლიდერი, ან ვიქნები, ასე წარმოუდგენიათ, უნდათ, რომ ხალხს დააჯერონ და თვითონ იდგნენ სად, მაინტერესებს, 2006-07-08 წელში და მე სად ვიდექი, გაიხსენონ.

მე ესენი არ მახსოვს არცერთი, მართალი რომ ვთქვა, არც ქუჩაში, არც ბრძოლაში და არც იმ გამოსვლებში, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო მაშინ. ასე რომ, ეს არის რაღაცა ზღაპრები, რითაც ართობენ თავიანთ ამომრჩეველს, უნდათ, რომ გაიტანონ და ჰგონიათ, თუ ათასჯერ იტყვიან, ორიათასჯერ, დააჯერებენ ამაში“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ის ვეტოს დაადებს ყველა კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს.

„რაც შეეხება ცესკოს თავმდჯომარეს, რატომ ვთვლი, რომ სხვანაირად უნდა იყოს არჩეული ის – იმიტომ, რომ იმდენი გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ყველას დააჯერა, რომ ეს ცესკოს თავმჯდომარე რომ არც უკეთესია და არც უარესი, ვიდრე სხვა და მართლაც არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, გამოჩნდა მიკერძოებული და ასეთი სურათია, ეს მათი შექმნილია და არა სხვისი, ასევე ახალი ბრალდებებიც ისმის მის მიმართ… თუ რამე არის, საჭიროა პასუხი, რომ ყველამ ვიცოდეთ, რომ არაფერია პრობლემა ამ კაპიტალის შექმნაში, როგორც თავად ამბობენ.

ვეტო რომ დავადე, ვთქვით, რომ მნიშვნელოვანი არაა, კომისია იქნება ჩემთან თუ არა. მნიშვნელოვანია, რომ არჩეული იყოს თუ არა 2/3-ით, იმ რაოდენობით, რომელიც იძლევა კონსენსუსის განცდას. ოპოზიციონერი მოადგილეც საჭიროა, ესეც ქმნის იმ განცდას, რომ ყველა ჩართულია ამ საქმეში და ნდობა იქმნება.

კონსპირაციის თეორიაც გავიგე, რომ ვიღაცას მოკვლა უნდოდა თავმჯდომარის და ოპოზიცია ჩაიგდებდა ხელში ცესკოს კონტროლს… ამიტომ, შევთავაზეთ ვეტოს რედაქტირებაში, რომ მეორე მოადგილე დაიკავებდა ამ ადგილს და ოპოზიციის მოადგილე დარჩებოდა თავის როლში.

როდის ხდება არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობა? როცა პროცესის მიმართაა უნდობლობა, ან მათ მიმართ, ვინც ატარებს არჩევნებს, ამიტომ ინტერესია, ცესკოს ჰქონდეს მაღალი ნდობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ცუდი იქნება, თუ არჩევნების შედეგების მიმართ შეიქმნება რამე ფორმის უნდობლობა.

„ეს არის პირველი ნაბიჯი დესტაბილიზაციისკენ და ამ ქვეყანას რამე თუ არ სჭირდება, ესაა რამე სახის დესტაბილიზაცია“. – ამბობს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია კოალიციური მთავრობა ქვეყნის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, მაგრამ მისთვის მთავარია, არჩევნების სანდოობა მისი შედეგის მიუხედავად.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესში დღეს მრავალპარტიული წყობის შემოტანაა.

„მგონია, მჯერა, ჩემი გამოცდილებიდან და სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან, რომ დღეს დადგა დრო, როდესაც საქართველოს ინტერესში არის კოალიციური მთავრობა, არის მრავალპარტიული წყობის შემოტანა, იმიტომ, რომ ჩვენ ამდენი წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო დაარსდა, ვცხოვრობთ მეტნაკლებად ერთპარტიულ სისტემაში. ეს არის ის, ალბათ, რაც უნდა დასრულდეს, თუ ჩვენ გვინდა, რომ გადავიდეთ ნამდვილი ევროპული სახელმწიფოს ფორმატში. ეს არის საქართველოს ინტერესი და რუსეთის ინტერესზე რუსებმა იფიქრონ, რა არის მათი ინტერესი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს შესახებ ამბობს, რომ ესაა ნადაგის მომზადება იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ აღიაროს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი.

პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს წარუდგინა.

ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო და საპარლამენტო უმრავლესობა მის დაძლევაზე უკვე შეთანხმდა.