პრეზიდენტი: ბერბიჭაშვილსა და ახალგაზრდებს შორის ტოლობის დასმა პრემიერს სხვა განზომილებაში გადასულად წარმოაჩენს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე ძალადობას და პრემიერ-მინისტრის ვრცელ წერილს ეხმაურება.

„ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა.

ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს!

მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, „მამულის” სიყვარული სხვა არაფერია. ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან (გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!! რაც ეხება ენას… თქვენი სუძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა!“, – წერს პრეზიდენტი პირად გვერდზე.

ირაკლი კობახიძემ „ოცნების“ ამომრჩევლის და რუსული კანონის მოწინააღმდეგეების ინტელექტი შეადარა და დაწერა, რომ მას მაღალი ინტელექტის ამომრჩეველში მაღალი მხარდაჭერა აქვს, ხოლო საპროტესტო აქციებში საშუალო ინტელექტის ახალგაზრდები მონაწილეობენ, რომლებიც შეცდომაში შედიან. მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

ამავე ტექსტში კობახიძემ „ახალგაზრდა ბერბიჭაშვილსა და 70 წლის ილიაზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბერბიჭაშვილს ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა ილიას მკვლელობა, კობახიძის თქმით, იმავე მეთოდით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელიც ახალგაზრდებს აჯერებს, რომ ისინი გულწრფელები არიან.