პრეზიდენტი გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გავრცლებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

“ადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით.

როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა.

ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან.

ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება ბევრს შეიძლება აღიზიანებს, თუმცა ასეთი დესტრუქციული მიზანი ვერ იქნა რეალიზებული.

დესტაბილიზაციის ნაცვლად, საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია სტაბილურობის დაცვის ბერკეტები, რომ წინ აღუდგება პროვოკაციებს და მშვიდობიანად გაივლის გზას მომავალ არჩევნებამდე.

მე, როგორც საქართველოში ადამიანის უფლებების, სიცოცხლის დაცვისა და სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის ერთ-ერთი გარანტი, ვამაყობ, რომ ჩვენმა სახელმწოფო უწყებებმა უზრუნველყვეს ყოველივე ამის ხელშეუხებლობა.” – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

15 ივნისს მედიაში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიმართ განზრახული შეკვეთილი მკვლელობის სავარაუდო მონაწილის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა სავარაუდოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა, დაუკვეთა.

კადიროვი გიორგი გაბუნიას საჯაროდ დაემუქრა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა თითქმის ერთი წლის წინ საავტორო გადაცემის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის მიმართ არაეთიკური გამონათქვამები გამოიყენა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დააკავა პირი, რომლის წინააღმდეგაც დაწყებულია გამოძიება ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

“ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.