საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პრეზიდენტს მოქალაქეობის შეწყვეტაზე ბრძანების გამოსაცემად 3 თვე აქვს.
„ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან 7 დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს.
მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად“, – წერია განცხადებაში.
20 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტს დასკვნა ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ გაუგზავნა.
22 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. „პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“, – აღნიშნულია განცხადებაში.