პრეზიდენტი მზადაა ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ - ბაქრაძე

პუბლიკა

ოპოზიციონერი დეპუტატმა ჟურნალისტებთან პრეზიდენთან მიღების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის იზიარებს პრეზიდენტის შეფასებებს. თუმცა მან აღნიშნა, რომ ის ელოდა, რომ მოისმენდა პრეზიდენტისგან კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას ე.წ. შერიგებისთვის.

„მთელ რიგ შეფასებებს ვიზიარებ, რაც მოვისმინე, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, რამდენად დიდი უპერსპექტივობის განცდაა, როგორ ხდება ახალგაზრდების გადინება, რამდენად დიდ პრობლემას ქმნის დაპირისპირება. ამ ნაწილში, რაც შეეხება ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარების შეფასებას, დიახ, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო.

მთავარი რასაც საზოგადოება ელოდა და რისი პასუხი მინდოდა, კონკრეტული ნაბიჯები რა უნდა გაკეთდეს. დღეს ჩვენ კონკრეტიკა ვერ მოვისმინეთ“, – განაცხადა მან.

როგორ ბაქრაძემ აღნიშნა, მას ჰქონდა პრეზიდენტთან საუბარი, რა დროსაც მან პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რა უნდა გაკეთდეს პოლიტიკური დევნის დასასრულებლად. მისი თქმით, პრეზიდენტი მზადაა პროცესი გაგრძელდეს.

„პრეზიდენტთან მქონდა საუბარი, დავუსვი ის კითხვები, რაზეც ვსაუბრობდი, რომ რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად პოლიტიკური დევნის დასასრულებლად, იმისთვის, რომ პოლიტიკური ლიდერები არ იყვნენ ციხეში. მისი მხრიდან სრული მზადყოფნაა, რომ პროცესი გაგრძელდეს. მზად არის ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ. იმედი მაქვს, იმის გამო, რომ ეს პირველი შეხვედრა იყო, ჩავთვალოთ, რომ პირველი შეხვედრის გამო, დეტალებზე საუბარი არ შედგა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ დეტალებზეა დამოკიდებული თანხმობის პროცესი“,- აღნიშნავს ბაქრაძე.


ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების ნაწილთან საახალწლო მიღებას მართავს. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ე.წ. შერიგების პროცესზე ისაუბრა.