პრეზიდენტი პარტიებს ხელმოსაწერად „ქართულ ქარტიას" სთავზობს — რა იგულისხმება

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ქარტიის” ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და მას ჩაატარებს თავისუფალ გარემოში.

ახლა კი, მისი თქმით, საჭიროა ერთობა, ვინაიდან ის, რაც ოქტომბერში გველოდება, იქნება არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ – სახალხო რეფერენდუმი, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ირჩევს თუ არა ევროპას.

სალომე ზურაბიშვილმა განახცადა:

„ქართული ქარტია გულისხმბს თანხმობას და პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულებაც აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.

„ქართულ ქარტიას” ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზადაა, მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში.

ამ ქარტიის შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა.

სხვანაირი ერთობა – ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე. ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის. ანუ, ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რამე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გარეთიანებებს. იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ქარტიას, პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება მათი საარჩევნო სტრატეგია და ტაქტიკა. ეს მე არ მეხება.

სხვანაირი არჩევნები – დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლება საშუალებას, ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, თავისი სახე, თავისი პროგრამა, მეობა წარმოაჩინოს.

ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას, ეს არჩევნები იქნება სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას, გვინდა თუ არა ევროპა. და როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, ხმას ვაძლევთ ქართულ ქარტიას და ე.ი, ევროპულ მომავალს.

ეს იქნება სხვანაირი პარლამენტი:

ეს იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული გეგმით არჩეული პარლამენტი. ამ პარლამენტმა უნდა შეასრულოს „ქართული ქარტიით” ნაკისრი ვალდებულებები, შემდეგ კი ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ, თავისუფალ გარემოში ჩაატარებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს.

ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ ეს იქნება საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით.

ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, მშვიდობიანი და უაღრესად ევროპული”.