პრეზიდენტი: სააკაშვილი არ არის ნავალნი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ალექსეი ნავალნი და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არაა დამოკიდებული იმაზე, სად იქნება სააკაშვილი.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს რეალური დანაშაულისთვის იხდის, თუმცა რეპუტაციის მხრივ უკეთესი იქნებოდა სხვა გზების მოძებნა – შინაპატიმრობა ან ექსტრადაცია.

რაც შეეხება შეწყალებას, ზურაბიშვილის თქმით, ის ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ისაუბრა.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დამოკიდებული არაა იმაზე, სად იქნება სააკაშვილი. ის არ არის პოლიტიკური ოპონენტი ციხეში, ის არ არის ნავალნი. ის ყოფილი პრეზიდენტია და თავისი პრეზიდენტობის დროს მან… არ ვიცი, რა ვუწოდო ამას.

რასაც ვხედავთ ახლა და რაც გვინახავს სხვადასხვა რეჟიმებში, ავტორიტარული რეჟიმების ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევების ტენდენცია, ეს ყველაფერი გვინახავს და სააკაშვილის  დროს ამაში გვიცხოვრია. ასე რომ, ის ციხეში რეალური მიზეზების გამოა.

ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იყოს დაცული და პატივცემული, მე ძალიან ახლოდან ვაკვირდებოდი იმას, თუ რა ემართება მას ციხეში.

კითხვა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და გეთანხმებით, რომ რეპუტაციული მხრივ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ სადმე სხვაგან ყოფილიყო. ეს მთავრობის მისაღები გადაწყვეტილებაა. ბევრი გზაა, რითაც სხვა ქვეყნებს ეს პრობლემები მოუგვარებიათ, ესაა – შინაპატიმრობა, ექსტრადიცია, რადგან უკრაინამ აჩვენა, რომ ის მზად არის, ექსტრადიციისთვის, თუმცა არ ვიცი ეს ფორმალურად თუ მოხდა. ასე რომ, ეს შესაძლებლობები არსებობს.

ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთი შესაძლებლობა მაქვს, რომელზეც არასდროს ვაკეთებ კომენტარს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მცირე კომენტარს ვაკეთებ ხოლმე ქვეყანაში, ვინაიდან, ბევრი სხვა ადამიანია, რომელიც შეწყალების შესაძლებლობას ელის და ახსნას ან გამართლებას თუ დაიწყებ, ეს ძალიან არასამართლიანია სხვა ადამიანებისთვის. ასე რომ, კომენტარს არ ვაკეთებ. ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავი წინაშე ვაგებ, და ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც გავლენაც შეიძლება მოახდინო საგარეო ზეწოლით ან შიდა ზეწოლით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.