საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში დაანონსებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს.
განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
„უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები. სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა პირადი ინტერესებიდან.
პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს. ამდმენად, ამ კანონსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობას ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატების შერჩევის წესის ცვლილების ინიციატივა აქვს.
მომზადებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
ასევე შეიცვლება კანდიდატთა მხარდაჭერისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა და მათ ასარჩევად სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა) საკმარისი იქნება. ამ შემთხვევაში ისინი 5 წლის ვადით დაიკავებენ თანამდებობას.