პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მინისტრისაგან მოისმინა ინფორმაცია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობისა და სამინისტროს სამოქმედო გეგმების შესახებ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში მხოლოდ ეს ინფორმაციაა მოცემული.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. მშობლები რამდენიმე დღეა მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათევენ და ყოველდღიურად საპროტესტო მსვლელობას აწყობენ.

ორბელიანის სასახლეში შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მშობელმა, მაკუნა გოჩიაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მათ მედიკამენტის საჭიროებაზე მთავრობის დარწმუნებაში დაეხმარება.


აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები საპროტესტო აქციებს რამდენიმე თვეა, მართავენ. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება.