პრეზიდენტი სტრასბურგში: დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, საქართველოსათვის საჭიროა კანდიდატობა

პუბლიკა

სტრასბურგში  ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“  საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტს პრეზიდენტი ადმინისტრაცია ავრცელებს. 

სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის გზაზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა პოლარიზაციაა, რომელიც ყველგან შეიჭრა.

,,ვართ, არ ვიტყოდი ნაცრისფერ ზონაში, თუმცა არც უსაფრთხოების ზონაში არ ვართ, და ასეთ მომენტში, პოლარიზაცია ერის წინაშე დანაშაული ხდება, რადგან ეს ყველაზე მეტად ასუსტებს [ქვეყანას], ყველაზე მეტად გამოყენებადია მტრის მიერ, მაშინ როცა სამხედრო თავდასხმას არ იყენებს.” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, გამოწვევა ევროპელი პარტნიორების რეაქციის არარსებობაც არის.

,,მესამე გამოწვევა, ეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეაქციის არარსებობაა. საქართველოსთვის ნაცნობია ეს გზა, რომელზეც მიიწევს წინ მეზობლობის პოლიტიკიდან დაწყებული.

მე მახსოვს ეს პერიოდი, მაშინ როცა საფრანგეთის ელჩის რანგში, შემდეგ კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჩავედი საქართველოში. მაშინ ყველა მეუბნებოდა, რომ მეზობლობის პოლიტიკა საქართველოსთვის არაა, რომ ეს ძალიან შორია და არასდროს მოხდება. შემდეგ ვიხილეთ მეზობლობის პოლიტიკა, ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი სავაჭრო სივრცე – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, თუმცა არ ყოფილა ევროპის მხრიდან რეაქცია.

შესაძლოა, ევროპულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ ნაწილობრივ მოახდინა რეაგირება, თუმცა საქართველომ, უკრაინისა (რაც მოსახლეობისათვის ნათლად გასაგები იყო) და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მიცემის პროცესში, დიდი იმედგაცრუება განიცადა.

მიუხედავად ყველაფრისა, იმედგაცრუება, ანუ პროცესის მიღმა დარჩენა სხვისთვის მესიჯია, რომ შესაძლოა, არსებობდეს მყიფე სიტუაცია, რომლის გამოყენებასაც ერთ დღეს შეძლებს, რითაც სხვა დანაკარგების და დეფექტების კომპენსირებას მოახდენს. ყურადსაღები საკითხია.

ასე რომ, ჩვენ განვიცადეთ ვიტყოდი ეს ეგზისტენციალური იმედგაცრუება. ჩვენ იმდენად ევროპელები ვართ და უკვე იმდენი ხანია რომ, რაღაც მომენტში უნდა შევუერთდეთ ამ ევროპულ ოჯახს. ვფიქრობ, დღეს დასაკარგი დრო აღარ გვაქვს. საქართველოსათვის საჭიროა კანდიდატობა. გზავნილი გაგებულ იქნა – თქვენ არ ხართ სრულყოფილი – და არ ვართ სრულყოფილი, თუმცა დღეს საჭიროა კანდიდატურა და საჭიროა, რომ შემდეგი გზაც იყოს ზედმიწევნითი.”  – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილის სახელზე, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით, უკვე რამდენიმე წერილი მომზადდა. დღეს გამოქვეყნდა წერილი, რომელსაც 12 ევროპარლამენტი აწერს ხელს.

12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, შეიწყალოს ნიკა გვარამია.

დღესვე მედიის ადვოკატირების კოალიცია “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართა. ხელმომწერები შარლ მიშელს შუამდგომლობას სთხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მიშელის მიმართვამ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილს გადაადგმევინოს ჰუმანური ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია.