პრეზიდენტი: ვინც რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა, ვერავინ გაიმარჯვებს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსული კანონის შემოტანა დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანია და დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის ან მონობის არჩევანის წინაშე დგას.

ეს განცხადება პრეზიდენტმა პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა.

„ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას, ვერავინ ვერაფერს გვიზამს და ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ესაა მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი.

ვერავინ, დღეს და ხვალ და ზეგ საქართველოში ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა, ვერავინ გაიმარჯვებს!

მე არ ვიცი, რა იქნება დასავლეთის რეაგირება, ალბათ იქნება, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა – გვინდა ის, რაც მოხდა 1989 წლის 9 აპრილს თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს. არჩევანი საქართველოსთვის ესაა, ან დამოუკიდებლობა, ან დამონება. ან ევროპა, ან რუსეთი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.