პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრორუსულ და ძალადობრივ პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბრიფინგზე დასასწრებად მედიააკრედიტაცია არ მისცა. გადამღები ჯგუფი ადმინისტრაციის შენობაში გასაშუქებლად ვერ შევიდა.
გუშინ, 11 აპრილს, 18:00 ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
„ალტ-ინფო“ გუშინდელ გადაცემაში გასულ სიუჟეტში აღნიშნავდა:
„პრესცენტრს მინდა, რომ გავესაუბრო – ყველა ჟურნალისტი შეუშვეს აბსოლუტურად, ჩვენ გარდა. სამი საათით ადრე, როგორც კი ჩაინიშნა პრეზიდენტის ბრიფინგი, მაშინვე გადმოაგზავნა ჩემმა პროდიუსერმა, თუმცა შეუშვეს ყველა და უკვე მე-2 შემთხვევაა, როცა მე არ მიშვებენ“, – ამბობს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი სიუჟეტში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „პუბლიკას“ უდასტურებენ ინფორმაციას, რომ პრორუსულ და ძალადობრივ პლატფორმა „ალტ-ინფოს“ მედიააკრედიტაცია არ მისცეს. დამატებით შეკითხვებს უწყებაში ამ ეტაპზე არ პასუხობენ.
2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით „თბილისი პრაიდის“ მარშის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა მედიის 53 წარმომადგენელზე იძალადეს.
5-6 ივლისს ძალადობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა 5 ეპიზოდზე, მათ შორის, ლექსო ლაშქარავაზე, რატი წვერავაზე, ილიკო თვალიაშვილზე, „რადიო თავისუფლების“, „რუსთავი 2-ის“, „იმედის“, „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმის საქმეებზე. ჯამში, 5-6 ივლისის საქმეებზე 27 ბრალდებული იყო.