31 წელი იმიტომ იყო, რომ ამ დღემდე მივსულიყავით - ზურაბიშვილი კითხვარზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა, რადგან ევროკავშირისგან წევრობის მოთხოვნის შემდეგ შესავსები კითხვარი მივიღეთ.

მისი შეფასებით, ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რისთვისაც საქართველო უკრაინის და ევროსტრუქტურების მადლობელი უნდა იყოს. მისი თქმით, რომ არა უკრაინა, როდის დადგებოდა ეს დღე, რთული სათქმელია. მისი თქმით, სწორედ უკრაინის გამო ევროკავშირმა გადაწყვიტა, პროცესი გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საკითხის გადაწყვეტაში ჩაერთოს როგორც მოსახლეობა, ისე ყველა პოლიტიკური ძალა და პროცესი გახდეს ინკლუზიური, რადგან ევროკავშირში გაწევრება უდიდესი ეროვნული საქმეა, რომელზეც წინაპრები ოცნებობდნენ.

„დღეს ყველანი ვართ პასუხისმგებელნი მომავალი თაობის წინაშე. ჩვენ ან შევძლებთ, ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ან ვერ შევძლებთ. ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, ამისთვის უნდა მობილიზდეს ყველა ძალა. ეს არის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის ძალისხმევით. თუ რამეს ჰქვია ეროვნული, ეს არის ეროვნული ინტერესი და მე არ წარმომიდგენია, რომ ასეთი უდიდესი ეროვნული საქმე, რომელზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, პირველი დამოუკიდებლობიდან ამაზე ოცნებობდნენ. ამ საქმის ირგვლივ უნდა ვიყოთ ჩვენ ყველანი გაერთიანებული, მთლიანად მოსახლეობა, რომელიც არის გაერთიანებული ამ საკითხის ირგვლივ, თუ მთლიანად პოლიტიკური სპექტრი იმის მიუხედავად, ვინ რა გააკეთა ან მეორეს რას აბრალებს, აქ არის ჩვენი მომავალი სასწორზე და გადავწყვიტოთ, როგორ გვინდა ამ მოკლე პერიოდში, რაც მოცემულია კითხვარზე საპასუხოდ.

კითხვარი ეხება საქართველო როგორ არის დღეს, რა პრობლემებია და რა მიღწევები, ეს არის შედეგი რეალურად. 9 აპრილს ვიყავით აქ შეკრებილნი დამოუკიდებლობის აქტის კიდევ ერთხელ გახსენების დღე იყო და ეს 30-31 წელი იმიტომ იყო, რომ ამ დღემდე მივსულიყავით.

არა გვაქვს უფლება, ამ დღეს არ მივუდგეთ სრული არამხოლოდ სერიოზულობით, მაგრამ სრული ერთსულოვნებით. ვინც ამის ირგვლივ არაა გაერთიანებული, ის საქართველოს ირგვლივ არაა გაერთიანებული, იმას არ სჯერა საქართველოს მომავლის. ამიტომ მე მინდა, ყველას მოგიწოდოთ ქალაქსა თუ სოფელში, მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები, ჩვენ უნდა ყველა გავერთიანდეთ და ეს არის ეროვნული თანხმობა და ეს არის ეროვნული ინტერესი ამ მიზნის ირგვლივ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს შეგვიძლია“ [სტილი დაცულია], – განაცხადა პრეზიდენტმა.