პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნიკა გვარამიას შეწყალებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანეს

პუბლიკა

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადი შეიტანეს. დოკუმენტებს თან ერთვის ორი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები.

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება არა პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე, არამედ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად უნდა მიიღოს.

„ვთხოვთ პრეზიდენტს შეიწყალოს ნიკა გვარამია. შევიტანეთ განაცხადი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და დოკუმენტს თან დავურთეთ საქმის მასალები, ორივე ინსტანციის განაჩენი. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაპელირებთ ნიკა გვარამიას უდანაშაულობაზე, ვამბობთ, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი. იზიარებს თუ არა ამას პრეზიდნეტი, მოვუწოდებთ, რომ იხელმძღვანელოს ქვეყნის ინტერესით, პოლიტიკური მიზანშეწონილობით. მიუხედავად თავისი პრიადი შეხედულებისა, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია”, – ამბობს „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრი გიორგი ლომიძე.

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „მთავარი არხის“ დირექტორის შეწყალებისკენ რამდენჯერმე აქციებიდანაც მოუწოდეს, მათ შორის აქცია გამართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც.


სალომე ზურაბიშვილმა ბოლოს შეწყალების საკითხი ევროპარლამენტში თავისი სიტყვით გამოსვლისას ახსენა. პრეზიდენტმა თქვა, რომ„ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი დრო და თავისი ადგილი, მე არ დავზოგავ თავს”.

ისაუბრა პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე და აღნიშნა, რომ ის უნდა განხორციელდეს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. „შეწყალება არის პრეზიდენტის უფლებამოსილება და უნდა განხორციელდეს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, იქნება ეს გარედან თუ შიგნიდან“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი თქვეს, რომ „პრეზიდენტის გამოსვლის ტონი შერბილებული იყო“.