პრეზიდენტის არჩევნები ემსგავსება უკომპრომისო, დაუნდობელ, უწესო ბრძოლას – რაგბის კავშირის გამგეობა

პუბლიკა

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა მიმართვას ავრცელებს, რომელშიც საუბრობს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების მსვლელობისას არსებულ პრობლემებზე. მათი განცხადებით, არჩევნები უკომპრომისო, დაუნდობელ, უწესო ბრძოლას ემსგავსება, სადაც „დასახული მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი და ყველა საშუალება მართლდება“.

„საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გმობს და ემიჯნება რაგბის კავშირის არჩევნებში აქტიურად ჩართულ იმ მორაგბეთა ქმედებებს, რომლებმაც თავხედურად შელახეს რაგბის ქარტიის ფასეულობები.“ – აღნიშნულია მიმართვაში.

რაგბის კავშირის გამგეობა, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენლეს მოუწოდებს, ნუ ეცდებიან ხელი შეუშალონ არჩევნებისას მორაგბეებს  გადაწყვეტილების მიღებაში.

„ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს – ნუ ეცდებით, ხელი შეუშალოთ არჩევნებისას მორაგბეებს  გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენ თავად გადავწყვეტთ, თუ ვინ და სად ავირჩიოთ.“ – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, კავშირის გამგეობა მოუწოდებს სამართალდამცავებს, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ არჩევნებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამოვლენისა და პრევენციული ღონისძიებებისთვის.

საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები 30 იანვრის ნაცვლად, 24 თებერვალს გაიმართა. საარჩევნო ყრილობის გადადების მიზეზი გახდა პრეზიდენტობის ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის განცხადებები, რომელთაც მეტი დრო მოითხოვეს არსებული წესდებისა და დოკუმენტაციის გასაცნობად, რაც გამგეობამ დააკმაყოფილა.  24 თებერვალს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა. არჩევნების გამართვის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი: ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე იბრძვის.