230 მილიონი არავის ჩაუდია – რაგბის კავშირი ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

პუბლიკა

სოციალურ ქსელში რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომლითაც კავშირი მთელი სარაგბო თემის სახელით ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს, სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. „პუბლიკა” რაგბის კავშირის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს, მაკა კვარაცხელიას დაუკავშირდა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ სარაგბო ბაზები ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულია და დაბადების დღის მილოცვა დანაშაული არაა.

„ყველამ იცის, რომ ყველა სარაგბო ბაზა მაგ ადამიანის აშენებულია და მისი ქველმოქმედების შედეგია. ჩვენ დაუნახავები არ ვართ და შესაბამისად, დაბადების დღის მილოცვა არ არის არანაირად დანაშაული. ამ კაცმა უზარმაზარი ინვესტიცია განახორციელა და რაც კი რამ სარაგბო ბაზა არსებობს, ყველა მისი ინვესტიციის შედეგია“, –  განაცხადა მაკა კვარაცხელიამ.

შეკითხვაზე, ულოცავენ თუ არა სხვა მხარდამჭერებსა და ინვესტორებს სოციალურ ქსელში დაბადების დღეებს გვიპასუხა:

„230 მილიონი არავის ჩაუდია. ისე კი, რა თქმა უნდა, ყველა მხარდამჭერს ვულოცავთ ხოლმე. ჩვენს სპონსორებს შორის ფიზიკური პირი არავინ ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს ვულოცავთ ყველას”.