პრეზიდენტის ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ თანამდებობა დატოვა.

გიორგი აბდალაძემ ამის შესახებ გუშინ დაწერა. წასვლის მიზეზად ფოტოგრაფი მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ასახელებს.

„ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე სამართლიანი გადაწყევტილება. დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური. ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანია შეურაცხყოფა ვინც სამშობლოს ემსახურება“, – განაცხადა გიორგი აბდალაძე.

გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ჯერ ხელი პროცედურული საკითხების გამო არ მოუწერია.

„ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს”, – თქვა პრეზიდენტმა.

ლაზარე გრიგორიადისი 12 მარტს, მოსამართლე ზვიად შარაძემ მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს, შესაბამისად, სასჯელის ათვლა მისი დაკავების დღიდან იწყება.

ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაში იყო ბრალდებული.