პრეზიდენტის მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ მერიაში წერილი შესულია

პუბლიკა

დღეს, ევროპის მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქციის გამართვა იგეგმება.

„პუბლიკას“ თბილისის მერიაში უთხრეს, რომ აქციასთან დაკავშირებით წერილი უწყებაში 14 ივნისს შევიდა. წერილში ნათქვამია, რომ აქცია რიყეზე, ევროპის მოედანზე, 16 ივნისს, 19:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. მერია ინფორმაციას ცნობად იღებს.

14 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე დღევანდელი აქცია დაანონსა. მან მოუწოდა მოქალაქეებს, მივიდნენ აქციაზე, რათა ევროპას აჩვენონ ერთიანი სურვილი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრება. ამასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის – „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებს აქციის გადადებისკენ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. პოლიტიკური პარტიების ნაწილი ამბობს, რომ შეუერთდება ამ აქციას, ნაწილი კი პრეზიდენტის ამ ინიციატივას დამაბნევლად აფასებს.