პრეზიდენტის თქმით, ხალხის დამსახურებით, ევროკავშირის სტატუსის მიღების შანსები გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ბლუმბერგის“ ეთერში საქართველოში სამოქალაქო პროტესტისა და რუსული კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.

ტელეწამყვანმა მას ჰკითხა, ხომ არ შეუშლის ხელს საქართველოსთვის ევროკავშირის მიღების სტატუსს კანონპროექტი, რომელიც ასე ახლოს იყო მიღებასთან. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულმა პროცესებმა გაზარდა შანსები საქართველოში, რადგან ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პროევროპულია.

„ყველამ იცის, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას, რომელიც ქართული ოცნებაა შეუძლია მიიღოს ნებისმიერი რამ, რასაც ისინი დააყენებენ, სინამდვილეში არავის შეუძლია ამასთან შეწინააღმდეგება, არც პრეზიდენტის ვეტოს. მაგრამ რაც ამან [რუსული კანონის გარშემო პროცესებმა] აჩვენა ისაა, რომ როცა საზოგადოება ერთიანია რაღაც საკითხზე, მას შეუძლია ის უმრავლესობაც კი დაამარცხოს, რომელიც პარლამენტშია – სწორედ ესაა მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ამან ჩვენი შანსები [ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების] გაზარდა, რადგან ძალიან ეფექტურად აჩვენეს, სად დგას ქართველი საზოგადოება, რომელმაც აქამდეც მრავალჯერ აჩვენა, რომ პროევროპულია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ 80%-ს სურს ევროკავშირი და ესაა, სადაც ადამიანებს სურთ წავიდნენ, ისწავლონ.

„ძალიან მკაფიოა, სად დგას მოსახლეობა. რაც უფრო და უფრო ნაკლებად მკაფიო იყო ბოლო პერიოდში ეს ხელისუფლების პოზიციაა. რადგან ისინი იყვნენ, ვინც შეიტანეს კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის პროცესი, განაცხადეს,  რომ 2024 წელს კანდიდატობაზე განაცხადს შევიტანდით, ეს უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო და მოულოდნელად ისინი საპირისპირო მხარეს დგამენ ნაბიჯებს. ამრიგად, მათი პოზიცია არაა მკაფიო, საქართველოს პოზიცია ძალიან მკაფიოა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.