პრეზიდენტის თქმით, თსუ სტუდენტებს ევროპულ კამპანიაზე ხელმოწერას უკრძალავს, სამუშია უარყოფს

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს არ აძლევს უფლებას, ხელი მოაწერონ დოკუმენტს – „ჩვენი ხმა ევროპას” და ჩაერთონ პრეზიდენტის წამოწყებულ კამპანიში.

„არ მესმის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ განცხადებაზე, ამაზე მარტივი და არაპოლიტიკური არ არსებობს…. – თქვა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის ბრალდებას თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშაიამ „პუბლიკასთან“ უპასუხა.  როგორც სამუშიამ თქვა, მასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით ერთ-ერთი სტუდენტი მივიდა და სთხოვა, უნივერსიტეტში მოეწყოთ სივრცე, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებოდათ, პრეზიდენტის კამპანიაში ჩართულიყვნენ.

თუმცა ამას, რექტორის თქმით, ოფიციალური მიმართვა სჭირდება, რასაც შემდეგ საბჭო განიხილავს.

„ის ფორმატი, რაც აქვს პრეზიდენტს თავის ადმინისტრაციაში, ორბელიანის სასახლეში, იგივე უნდოდათ გაეკეთებინათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შესაბამისად, როცა ასეთი რამ ხდება, არის წესი, რომ უწყებას, რომელსაც აქვს ავტონომია, წერილობით მიმართო. ერთი ფურცელიც კი არ შემოსულა ჩვენთან ოფიციალურად. ერთ-ერთი სტუდენტი მოვიდა და ეს სიტყვიერად გადმომცა. მაპატიეთ, მაგრამ რექტორთან პრეზიდენტის ადმინისტრაცია სიტყვიერად არ უნდა საუბრობდეს. არანაირი ოფიციალური მხარე არ ჰქონდა ამას.

თუ შემოვა განცხადება, განვიხილავთ ისე, როგორც ყველა განცხადების შემთხვევაში ხდება – მე შევკრებდი აკადემიურ საბჭოს და ოპტიმალურ დროში გამოვიტანდით გადაწყვეტილებას. თვითონ ინსტიტუცია დიდ მოლოდინშია იმაზე, რაც ხდება და თქვენთვის რომ იცოდეთ, დაახლოებით 90-იან წლებში თუ ვინმე რამეს აკეთებდა ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, ერთ-ერთი მეც გახლდით. ახლა ეს რა თემაა, მე ვერ ვხვდები, ვინმეს თუ პოლიტიკური ქულების დაწერა თუ უნდა არ ვიცი, პოლიტიკის ადგილი არ არის თსუ”. – ამბობს ჯაბა სამუშია.

ხელმოწერების კამპანია „ჩემი ხმა ევროპას“ სალომე ზურავიშვილის ინიციატივით დაიწყო . ხელის მოსაწერად მოქალაქეები ორბელიანების სასახლეში მიდიან. 

პრეზიდენტმა 8 ნოემბერს საზოგადოებას განცხადების ტექსტი გააცნო და პირველმა, ხელი თავად მოაწერა. 

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ, ევროპის ლიდერებს, დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება. მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად, საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა“, – წერია დოკუმენტში.