პრეზიდენტისთვის წარსადგენად ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები შეარჩიეს

პუბლიკა

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებულმა 11-კაციანმა კომისიამ თავმჯდომარის კანდიდატად ცესკოს მოქმედი თანამშრომლები გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს, ვაკანტურ ადგილებზე დასანიშნად შეირჩნენ: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს.

„მე მხოლოდ ორ წევრს დავუჭირე მხარი. ესენი არიან წევრობის კანდიდატები. რაც შეეხება თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატებს, არც მე და არც ჩემმა სხვა კოლეგებმა მხარი არ დაუჭირეს. მე გამიჩნდა განცდა,რომ იმ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, რომლებსაც მხარი დაუჭირეს, გარდა ქალბატონი მარინა ჩიტიშვილისა, ყველა იყო შეთანხმებული პოზიცია და ეს ნამდვილად არასწორია.

ჩვენ ყველამ დავასაბუთეთ ჩვენი პოზიცია. მე რატომ არ დავუჭირე მხარი, ეს იყო ჩემი ძირეული კრიტერიუმები – კანდიდატი უნდა ყოფილიყო პრინციპული და დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში, ასევე მიუკერძოებელი. მე იმ ორ კანდიდატში ეს ნამდვილად ვერ დავინახე და შესაბამისად, ჩემი მაღალი სტანდარტით მივეცი ხმა, მაგრამ დანარჩენმა წევრებმა, ჩემი აზრით, შეაფასეს შედარებით დაბალი სტანდარტით. ქალბატონი პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს სამი დღის განმავლობაში და წარუდგენს პარლამენტს“, – განაცხადა IDFI-ის წარმომადგენელმა, გიორგი კლდიაშვილმა.

საიას თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ გამოიყენა ან ძალიან დაბალი სტანდარტები, ან ეს იყო წინასწარ შეთანხმებული მოქმედება.

გიორგი კლდიაშვილიც და ნიკა სიმონიშვილიც ღიად ამბობენ, რომ მხარს უჭერდნენ მაია სიმონიშვილს. ცესკოს წევრობაზე IDFI-იმ მხარი 2-ს, ხოლო საიამ 3 კანდიდატს დაუჭირა.