პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. პრეზიდენტმა ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდირდა და უდრის სახელმწიფოებრიობაზე შეტევას. ამდენად, მასზე ნებისმიერი სახის შეტევა დაუშვებელია“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება და გამომდინარეობს პატრიარქისადმი როგორც მისი პირადი, ისე პრეზიდენტის დამოკიდებულებიდან. ეკლესია და სახელმწიფო ზურაბიშვილის თქმით, გადაჯაჭვულია და ეკლესიის წინამძღვარზე შეტევა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასა და ეკლესიის აღორძინებაში, დაუშვებელია.

„ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა. სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, მე არ მექნებოდა პასუხი, რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა. ალბათ იკითხავთ, რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა. ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან, ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ დისკრეციას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით საქართველოს საპატრიარქომ 31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის შემდეგ მიმართა.

ყოფილ დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიორგი მამალაძე პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.