პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესი არ დაწყებულა, რათა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე გადაწყდეს - ნაცვლიშვილი

პუბლიკა

„პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს პროცესი არ დაწყებულა, რათა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე იყოს გადაწყვეტილი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. ეს ამ პროცესის მიზანი არ არის”, – ამის შესახებ „ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ის დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მათ ეროვნული თანხმობის შესახებ ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

როგორც ნაცვლიშვილის ამბობს, პრეზიდენტს აქვს სურვილი, დააინიციიროს პროცესი, რომელიც კონსენსუსის ძიებას შეუწყობს ხელს, „იმასთან დაკავშირებით, რაც 30 წელია, ერთ წრეზე გვატრიალებს”.

„ეს არის პროცესი, რომელიც თავად დაგვანახებს, რამდენად წარმატებული და ეფექტიანი იქნება. წინასწარ თქმა, რომ ეს პროცესი არსად წავა, ვფიქრობ, შეცდომა იქნება. ასევე პრეზიდენტი არ დებს მაგიდაზე თავის კონკრეტულ მოხაზულ ჩარჩოს, ეს არასწორი იქნებოდა როგორც პოლიტიკურად, ისე სხვა მხრივ. მას აქვს სურვილი, დააინიციიროს პროცესი, რომელიც კონსენსუსის ძიებას შეუწყობს ხელს იმასთან დაკავშირებით, რაც 30 წელია, ერთ წრეზე გვატრიალებს.

მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი მიდგომა. ამ პროცესის მიმართ მცდარი მოლოდინები გამოიწვევს იმედგაცრუებას. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საკითხები, რომლებიც ჩვენ თვალწინ ვითარდება, არ არის გადასაწყვეტი, მაგრამ არასწორია მოლოდინი, რომ ეს პროცესი ამ საკითხების გადასაწყვეტად დაიწყო და ამას ისახავს მიზნად.

ეს პროცესი არ იქნება ერთი-ორი კვირის ან ერთი-ორი თვის პროცესი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პროცესებს შანსი მივცეთ და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ გვქონდეს მცდარი მოლოდინები. პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს პროცესი არ დაწყებულა, რათა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე იყოს გადაწყვეტილი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. ეს ამ პროცესის მიზანი არ არის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.