პრეზიდენტმა პარლამენტში ქალ დეპუტატთა შეურაცხყოფა დაგმო

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში კაცი დეპუტატების მიერ ქალ დეპუტატთა შეურაცხყოფა დაგმო.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თინა ბოკუჩავას „ოცნების“ წევრმა, ლევან მგალობლიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით მიკროფონი მოგლიჯა და სცადა, ანა წითლიძისთვის ჩაერტყა.

„საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ – მორიგი უმსგავსობა.

კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას – ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას რეპლიკას ხმაური მოჰყვა, რის შემდეგადაც სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

პლენარული სხდომიდან გამოსულმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლევან მგალობლიშვილმა ასევე სცადა, ანა წითლიძისთვის მიკროფონი ჩაერტყა.

თინა ბოკუჩავას იუსტიციის მინისტრმაც უთხრა, რომ ის ქალია და სირცხვილია, როცა ქალი „მონას“ ამბობს.

გარდა ამისა, „ხალხის ძალის“ დეპუტატმა დაჩი ბერაიამ თინა ბოკუჩავას ქალის შესახებ სტერეოტიპული ლექსიკით მიმართა:

„გამიჩნდა სურვილი, შემეხსენებინა, ბრძანდებით ქალი, ქალბატონი და ქართველ ქალს არ შეეფერება ის ლექსიკა, რომელიც წარმოადგინეთ პარლამენტში… არ არის ღირსეული საქციელი,  თუ შეიძლება, უფრო კორექტულად მოიქცეთ და ქართველი ქალის ღირსებას ნუ შეურაცხყოფთ“.


„ოცნების“ დეპუტატების მხრიდან შეურაცხყოფის ობიექტები ქალი დეპუტატები წინა სასესიო კვირასაც გახდნენ.

ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს და დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს. ღუდუშაურმა და ბერაიამ ოპონენტებთან დისკუსიისთვის სექსისტური ენა გამოიყენეს.

თეონა აქუბარდიამ ირაკლი ბერაიას კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა უშედეგოდ მოითხოვა.