პრეზიდენტმა ინსპექტორის სამსახურის კანონში ცვლილებებს ვეტო არ დაადო

პუბლიკა

პრეზიდენტმა ინსპექტორის სამსახურის კანონში ცვლილებებს ვეტო არ დაადო. განცხადებას გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“დღეს ხელი მოვაწერე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას. ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის.

თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე.

მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა.

ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება. 

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება, რასაც ვიზიარებ და გამოვხატავ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას. ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი იქნება მოძიებული, რათა ახლად შექმნილ ერთ-ერთ სამსახურში სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით. მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ასევე განაპირობებს დანარჩენი თანამშრომლების დამოუკიდებლობის ხარისხს.”- ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში. განცხადების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. 


ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური, მოქმედი ფორმით უქმდება და იქმნება ორი ახალი სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვასა და სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.

საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, კანონში ცვლილებები არაკონსტიტუციურია და ქართული დემოკრატიისთვის უკიდურესად დამაზიანებელი გადაწყვეტილებაა. 5 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს.