ადმინისტრაცია: თსუ-მ პრეზიდენტს ლექციის ჩასატარებლად უნივერსიტეტის სირვცე არ დაუთმო

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, თსუ-მ სალომე ზურაბიშვილს საჯარო ლექციის ჩასატარებლად სივრცე არ დაუთმო.

კერძოდ:

2023 წლის, ოქტომბერში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსისეტს, რექტორს ჯაბა სამუშიას ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც ადმინისტრაცია უნივერსიტეტისგან სივრცის გამოყოფას ითხოვდა, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საჯარო ლექციას ჩაატარებდა.

პრეზდენტს სურდა, სტუდენტებისთვის ჩაეტარებინა საჯარო ლექცია თემაზე: ევროპული არჩევანის სასიცოხლო მნიშვნელობა, სამომავლო შესაძლებლობები, რომელსაც ქვეყანას ევროინტეგრაცია მოუტანს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია თსუ-სგან ითხოვდა ლექციის ორგანიზებას, სივრცის გამოყოფას და ლექციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

წერილი ადმინისტრაციიდან ოქტომბერში გაიგზავნა, ლექციის ჩატარება პრეზიდენტს 3 ნოემბერს, 3 საათზე სურდა.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა სურვილი, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, 15:00 საათზე საჯარო ლექცია გამართოს თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში. ლექციაზე დამსწრე საზოგადოებასთან პრეზიდენტი ისაუბრებს საქართველოს ევროპული არჩევანის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე და იმ უდიდეს სამომავლო შესაძლებლობებზე, რომლებსაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის წარმატება განაპირობებს.

გთხოვთ თქვენს მხარდაჭერასა და ჩართულობას ლექციის ორგანიზებაში, რაც გულისხმობს ზემოაღნიშნული სირვცის დათმობასა და უნივერსიტეტში საჯარო ლექციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, მოგაწოდოთ თქვენთვის საჭირო ყველა დამატებითი ინფორმაცია საჯარო ლექციის შესახებ”. – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „პუბლიკას” უთხრეს, რომ თსუ-სგან ოფიციალურ განცხადებაზე ოფიციალურად არ უპასუხიათ, არაოფიციალურად კი უთხრეს, რომ ლექციის ჩასატარებლად სივრცე გაუმართავი კონდიცირების სისტემის გამო ვერ გამოიყოფოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ თსუ-მ ლექციის ჩასატარებლად მათ არც ალტერნატიული თარიღი არ შესთავაზა.

„პუბლიკა“ ცდილობს თსუ-სთან საკითხის გარკვევას. გამოცემის ზარებს არ უპასუხა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, გაეგზავნა შეტყობინება, სადაც ვითხოვთ პასუხის გაცემას კითხვაზე, თუ რა მიზეზით ეთქვა უარი პრეზიდენტს საჯარო ლექციის ჩატარებაზე. სამუშიასგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 30 ნოემბერს თქვა, რომ თსუსტუდენტებს ევროპულ კამპანიაზე ხელმოწერას უკრძალავს, რაც რექტორმა სამუშიამ „პუბლიკასთან” უარყო.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ განცხადებაზე”. – თქვა ზურაბიშვილმა. 

სამუშიას თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ საკითხზე თსუ-სთვის ოფიციალური თხოვნით არ მიუმართავს.

გუშინ, ზურაბიშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მივიდა, სადაც ახალგაზრდებს შეხვდა, ესაუპრა ევროპის მნიშვნელობაზე, რის შემდეგაც სტუდენტებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხელმოწერებიც შეაგროვეს.