პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარების თხოვნას ხელს მოაწერს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დასთანხმდება ოპოზიციის მოთხოვნას პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთის მხრიდან მსგავსი აგრესია განიცადა, სოლიდარობას უცხადებს უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს.

ზურაბიშვილმა მიმართა საქართველოს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს და მთავრობას, რომ დღეს აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება, რადგან ძალა ერთობაშია.

„საჭიროდ მიმაჩნია ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, გამოვხატოთ ყველამ ერთად რომ ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს.

ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, ხელი მოვაწერო.

ჩემი მხრივ, მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რამეთუ უკრაინის საკითხი ყველა ჩვენი საკითხია და საჭიროა, საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ჩვენ ვიქნებით და ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე და ეს არის ის, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტი უფლებამოსილია, მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა 1/4-ის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით.

რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი მომდევნო 48 საათში ვალდებულია შეუდგეს მუშაობას.

საქართველოს პრეზიდენტი რიგგარეშე სესიას ან სხდომას მოიწვევს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, რაც პირადად უნდა ეცნობოს პარლამენტის წევრს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 24 საათისა.


დღეს საპარლამენტო ოპოზიცია გამოვიდა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივით. პარლამენტის თავმჯდომარე კი ფიქრობს, რომ საგანგებო სხდომის მოწვევის აუცილებლობა არ დგას.