რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს 21 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში შეხვდა.
კრემლის განცხადებით, პუტინი პრინციპულად თანახმაა, ნოემბრის შუა რიცხვებში აშშ-სა და უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებები განახლდეს. მათივე ცნობით, მთავარი თემა, რომლელზე მოლაპარაკებების განსაახლებლად რუსეთი მზადაა, კონფლიქტის შემდგომი უსაფრთხოების საკითხებია.
„ეს საკითხი კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების სისტემის შექმნას ეხება“, — განაცხადა უშაკოვმა.
კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩევლის, იური უშაკოვის განცხადებით, პუტინსა და უიტკოფს შორის შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
მისივე თქმით, პუტინმა და უიტკოფმა ასევე განიხილეს რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის შესაძლებლობა.
სტივ უიტკოფის განცხადებით, სანქტ-პეტერბურგსა და ოსლოში გამართული შეხვედრები კონსტრუქციული იყო და აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე გაგრძელდება.
„ეს განხილვები კონსტრუქციული იყო და გაგრძელდება აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებებით, ტექნიკურ დონეზე“, — დაწერა უიტკოფმა სოციალურ ქსელ X-ში.
მისი თქმით, პუტინთან შეხვედრაზე სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო განიხილეს, რომელიც ოსლოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მიღწეულ პროგრესს დაეფუძნება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაოა შესასრულებელი, პრეზიდენტი ტრამპი კვლავ ერთგულია ამ ომის დასრულებისა და ყოვლისმომცველი, მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნისა, რომელიც მომავალ თაობებს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოუტანს“, — განაცხადა უიტკოფმა.
პუტინთან შეხვედრისას უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტს „ჰუმანიტარი“ უწოდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი. უიტკოფმა პუტინს მადლობა გადაუხადა ჰაბარდის გათავისუფლებისთვის, ხოლო ტრამპის სახელით რუსული დიზელის ექსპორტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისთვისაც.
„თქვენ ხშირად საუბრობთ ჩემს პრეზიდენტზე, პრეზიდენტ ტრამპზე, როგორც ჰუმანიტარზე. თქვენც ჰუმანიტარი ხართ, ბატონო, და ამას მივესალმები, გიწონებთ და კიდევ ერთხელ გმადლობთ“, – უთხრა მან პუტინს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 ოქტომბერს Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომის დასრულებისკენ პირველი ნაბიჯი ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შეჩერება უნდა იყოს.
„ახლა საჭიროა, გავყინოთ [კონფლიქტი] და ვფიქრობ, ეს ომის დასრულების რეალური გზაა“, — განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის პოზიციით, შემდეგი ნაბიჯი ლიდერების დონეზე შეხვედრა უნდა იყოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კიევი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა უკრაინის მომავალზე გადაწყვეტილებები თავად უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ უნდა მიიღონ.
„არ ვიცი ამ შეხვედრის საბოლოო ვადები რა იქნება. ამ დღის წესრიგის შესამუშავებლად გუნდები საუბარს გააგრძელებენ. არ ვიცი როდის შედგება ეს შეხვედრა… ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. მხარს დავუჭერთ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზეც, ომის დასრულებაზეც, ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტაზეც, და ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტაზეც, ნებისმიერ შემთხვევაში, და ასევე ჰუმანიტარულ ინიციატივებზე, ტყვეების დაბრუნებაზე და დიპლომატიაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პუტინთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 20 ოქტომბერს, უიტკოფი ოსლოში ზელენსკის შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბიც. განხილვის მთავარი საკითხები უკრაინაში ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები და ომისშემდგომი აღდგენა იყო.
ამერიკული მხარის წარმომადგენლის განცხადებით, ოსლოში მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმების ძირითადი საკითხების განხილვაში მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწიეს. უიტკოფის რუსეთში ვიზიტის მიზანი სწორედ ამ მოლაპარაკებების შედეგების პუტინისთვის გაცნობა და პირდაპირი სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის გზის მომზადება იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა ოსლოში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებს აქვთ „მკაფიო იდეები იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწიოთ მშვიდობას“. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან განიხილა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდება და Starlink-ის სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა და ფინეთის პრეზიდენტმაც ოსლოს შეხვედრა დადებითად შეაფასეს. სტუბის განცხადებით, სამშვიდობო პროცესი კვლავ სწორ გზაზე დაბრუნდა.