ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ დეპუტატობის კანდიდატებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულების გაუქმება არ უნდა იქნას აღქმული ისე, „თითქოს „ქართულ ოცნებას” რამე აქვს დასამალი”.
ოხანაშვილის თქმით, ვერ ხედავს პრობლემას, მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და ვინ – არა.
მისივე განცხადებით, „საქართველოში ყველამ იცის, ვინ რა ზემოქმედების ქვეშ დადის თუ ზემოქმედების გარეშე“.
„საკითხი სხვადასხვა დროს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად განხილვის საგანი არაერთხელ იყო – ერთი, რომ ნარკოტესტის გავლის წესი ყოველგვარ ცივილურ ფორმას სცილდება. მეორეც, შედეგობრივი თვალსაზრისით ხდება ის, რომ თუ დადგინდა, რომ პირი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო, შედეგი არის ნული – არაფერი არ ხდება და დეპუტატობის კანდიდატად მაინც დარეგისტრირდება.
ინფორმაცია მისი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნის თაობაზე მოქალაქეს ექნება და საქართველოს მოქალაქის უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, როგორი პარლამენტის წევრის ხილვა სურს საქართველოს პარლამენტში“. – განაცხადა ოხანაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტით, რიგი თანამდებობის პირებს, მათ შორის პარლამენტის წევრებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა აღარ მოუწევთ.
თანამდებობის პირებში იგულისხმება პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები, საქართველოს მთავრობის წევრი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
კანონპროექტით ცვლილებები შედის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონსა” და საარჩევნო კოდექსში.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში დღეს მოქმედი ჩანაწერით, თანამდებობის პირი ვალდებულია, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და 3 დღის ვადაში შესაბამისი ცნობა წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს. კანონპროექტით, აღნიშნული ჩანაწერს კანონიდან სრულად ამოიღებენ
კანონპროექტით, ასევე უქმდება მუხლი, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის ან შესაბამისი ცნობის წარდგენისთვის თავის არიდებისთვის თანამდებობის პირის 500 ლარის დაჯარიმებას ადგენდა.