პროფესიული განათლების მასწავლებლებს საშუალო ხელფასი 1800 ლარამდე გაეზრდებათ – გახარია

პუბლიკა

პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი დაახლოებით 1 800 ლარი გახდება – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

„განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად, პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვატარებთ სისტემურ რეფორმას განათლების სისტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი და უკვე 2020 წლიდან უკვე ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლებას, რაც უნდა გახდეს საფუძველი დასაქმების გასაზრდელად, ასევე, იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც შრომის ბაზარზე გაგვაჩნია,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში საერთო ჯამში პროფესიული განათლების 2515 მასწავლებელს გაეზრდება ანაზღაურება.

„ამჟამინდელი ცვლილების შედეგად  მასწავლებლის ერთი საათის ანაზღაურება (საბაზო) განისაზღვრება 15 ლარის ოდენობით. აღნიშნული ზრდა 2020 წლის იანვრიდან შეეხება ყველა მასწავლებელს, რომელიც დასაქმებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებაში (კოლეჯი, უნივერსიტეტი, სკოლა) ან იმ კერძო სასწავლებელში, სადაც ირიცხებიან პროფესიული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებით. ეს ცვლილება პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორიდან, წარმოებიდან პროფესიონალი კადრების მოზიდვის საშუალებას იძლევა“,- აცხადებენ სამინისტროში.

მასწავლებელთა თვიური ანაზღაურება დამოკიდებულია საათობრივ დატვირთვაზე. მათი საშუალო თვიური ანაზღაურება, სრული დატვირთვის შემთხვევაში ამჟამად შეადგენს 1300 ლარს, ხოლო ზრდის შემთხვევაში ის მიაღწევს დაახლოებით 1800 ლარს.