პროფკავშირები შრომის ინსპექციას მიმართავს, შეისწავლონ „სპარში" დასაქმებულთა მდგომარეობა

პუბლიკა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი შრომის  პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს, ბექა ფერაძეს, ოფიციალურად მიმართავს, რომ შეისწავლონ „სპარში“ დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა და დაუყოვნებლივ იქონიონ შესაბამისი რეაგირება.

განცხადებაში წერია, რომ პროფკავშირების ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დროს უხეშად ირღვევა მაღაზიათა ქსელის თანამშრომლების შრომის უფლებები, რაც უპირველესად გამოიხატება იმაში, რომ კომპანია ავალდებულებს თანამშრომლებს, მაღაზიაში დარჩნენ მთელი ღამის განმავლობაში, საწყობებისთვის გამოყოფილ ადგილას, არასათანადო პირობებში, საღამოს 19:00 საათიდან დილის 9 საათამდე. თანამშრომელთა მიმართ ამგვარი მოპყრობა მიზნად ისახავს მათ მიერ  არასაკარანტინო დროის მაქსიმალურად გამოყენებას და თანამშრომელთა სატრანსპორტო უზრუნველყოფაზე თანხის დაზოგვას.

„მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ღამის ცვლის შემდეგ იგივე  თანამშრომლები მუშაობენ შემდეგ ცვლაში, იმავე საღამოს 19.00 საათიდან, რითაც ირღვევა შრომის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი ცვლებს შორის არანაკლებ 12-საათიანი დასვენების ხანგრლივობის არსებობის შესახებ.  აღნიშნულს დასაქმებულები ერთ-ერთ ტელერეპორტაჟში ხსნიან იმ ფაქტით, რომ არ არის საკმარისი საკადრო რესურსი, რაც პირდაპირ ეწინააღმდგება კომპანია „სპარის“ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ამგვარი მიდგომით ისინი 750 დასაქმებულს ინარჩუნებენ მიუხედავად იმისა, რომ ამ რაოდენობის კადრი ამ პირობებში არ სჭირდებათ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ დასაქმებულთა სამუშაო საათები კვირაში 60-ს აჭარბებს, ზეგანაკვეთური შრომა კი აუნაზღაურებელი რჩება. პროფკავშირების კვლევით, მომსახურების სექტორში გაუსაძლისი შრომის პირობებია და საშუალო ხელფასის რაოდენობა არ აღემატება 300-350 ლარს.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპანიას ზემოაღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით რომც  ჰქონდეს დასაქმებულის თანხმობა, ასეთი თანხმობა, შრომითი ურთიერთობის სპეციფიკიდან და შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლება ნამდვილი ნების გამოვლინებად და ბათილად მიიჩნევა.

„აუცილებელია, გაირკვევს, რამდენად ხდება ყველა ღამის საათის სამუშაო დროდ ჩათვლა და შესაბამისი  ანაზღაურება.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, დეტალურად იქნას შესწავლილი სუპერმარკეტ სპარის მიერ დასაქმებულებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები და მოპოვებული იქნას მტკიცებულებები (ვიდეო კამერის ჩანაწერები, დასაქმებბულთა ახსნა-განმარტებები და ა.შ) მათი შრომის პირობების შესახებ, მათ შორის,  იმის თაობაზე, თუ რამდენად იცავს კომპანია საგანგებო მდგომარეობის პირობებში დამტკიცებულ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს”, – წერია განცხადებაში.