თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროკურატურა ვრცელ განცხადებას ავრცელებს. უწყების თქმით, არსებული მტკიცებულებების ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და „საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია”.
პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიების დაწყებიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე და სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ.
„მათი თხოვნით ჩატარდა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გადამოწმებულ იქნა აბსოლუტურად ყველა ვერსია, რაც მათ მიერ იქნა შემოთავაზებული, შესწავლილ იქნა საჯაროდ, მედიასაშუალებებით გავრცელებული მოვლენათა შესაძლო განვითარების ყველა სცენარი, თუმცა გამოძიების ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხეს ვინმეს მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი.
გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი; ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეო ჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ; აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით “facebook”-დან და „Instagram“-დან გამოთხოვილი იქნა ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის გარემოებები, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, მისი სიცოცხლის ბოლო წლების დეტალები და ფაქტები” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა საქმის მასალებზე დაყრდნობით თამარ ბაჩალიაშვილის ემოციურ მდგომარეობასა და მის მიერ დატოვებულ ელექტრონულ მიმოწერებზე საუბრობს. უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი ყოფილი უფროსის, ნ.გ.-ს მიმართ გრძნობების შესახებ ვებგვერდ „momavali.me“-ს საშუალებით სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულ მიმოწერაში ასახული იყო მისი მძიმე ემოციური მდგომარეობაც.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებამდე პერიოდის მოქმედებები, გადაადგილება და ელექტრონული აქტივობა დეტალურად შეისწავლა. უწყების ინფორმაციით, დადგინდა, რომ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მან აფთიაქებში მედიკამენტები შეიძინა, ხოლო მისი გადაადგილება და უშუალოდ შეძენა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დასტურდება. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია გახდა.
„საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. გვამის გამოკვლევა 22 ივლისს ჩატარდა, და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი სიკვდილიდან გასული იყო დაახლოებით 4 დღე. ამავე საექსპერტო დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის, ანუ ნანემსრების კვალი, არ აღინიშნებოდა. მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები ასევე არ აღინიშნებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე.
შესაბამისად, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით იქნა უარყოფილი ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ. თვითმკვლელობის განხორციელებისას სხვა პირთა ავტომანქანაში ყოფნა, ასევე, გამოირიცხა ბიოლოგიური საექსპერტო კვლევებით, რომელთა თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში არსებულ ნივთებზე, მათ შორის წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი.
22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერებისას, სხვა ნივთებთან ერთად, აღმოჩენილ იქნა ხელნაწერი ფურცელი ტექსტით – „ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ“, რომელიც, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია თავად თამარ ბაჩალიშვილის მიერ. მასზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი” ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, ბაჩალიაშვილის ბოლო გადაადგილების მარშრუტი Google-ის Timeline-ის მონაცემებისა და ვიდეოკამერების ჩანაწერების საფუძველზე აღდგა. გამოძიების განცხადებით, ასევე გამოირიცხა ავტომობილში სხვა პირის ყოფნა.
უწყების ინფორმაციით, აშშ-ის შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილი მონაცემებით, ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებსა და ანგარიშებზე არაავტორიზებული წვდომის, ინფორმაციის წაშლის ან შეცვლის ფაქტები არ დადასტურდა. გამოძიებამ ასევე გამოკითხა 100-ზე მეტი ადამიანი და შეისწავლა მათი მოწყობილობები, თუმცა, პროკურატურის განცხადებით, ბაჩალიაშვილის მიმართ სხვა პირების მიერ უკანონო ქმედების ფაქტი ვერ გამოვლინდა.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობა თვითმკვლელობის ვერსიას ადასტურებს.
განცხადებასთან ერთად პროკურატურამ 26-წუთიანი ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო პერიოდის მოქმედებებსა და გადაადგილებას ასახავს.
19 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურას, ხელახალი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით, განცხადებით მიმართეს.
თეონა თამაზაშვილი გამოძიების მკვლელობის მუხლით დაწყებას ითხოვს. დედას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და მიიჩნევს, რომ მისი მკვლელობის საქმე „ჩაფარცხეს“. დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“.
თამაზაშვილი ამბობს, რომ სუსის ყოფილ უფროს ლილუაშვილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან „პირდაპირი კავშირი აქვს“. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედა ასევე ამბობს, რომ მისი შვილის სიკვდილის გარემოებაზე „ღარიბაშვილმა ძალიან ბევრი იცის”.