პროკურატურის განცხადებით, შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მასში მონაწილეობის და ჯგუფური ძარცვის საქმეზე რვა პირი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო.
მათი ცნობით, ორ ბრალდებულს 14-14 წლით, ერთს 8 წლით, 5 არასრულწლოვანს კი 10 წლით და 6 თვით, 9 წლით და 4 თვით, 6 წლით და 5 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას, რომელშიც თავადვე მონაწილეობდნენ.
კერძოდ, აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ.
ასევე, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ამსახველ ვიდეოებს იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ. რიგ შემთხვევაში მსხვერპლებს ასევე ართმევდნენ პირად ნივთებს“, – წერს პროკურატურა.