პროკურატურა: განცხადება, ილია II-ის შესაძლო ლიკვიდაციაზე, მეუფე იაკობმა უარყო

პუბლიკა

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა მეუფე იაკობთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის  მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს.

„სატელეფონო ინტერვიუს დროს მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და რამდენიმე სასულიერო პირი განიხილავდნენ პატრიარქის ლიკვიდაციისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს. აღნიშნული განცხადება, პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის ნაწილში, მეუფე იაკობმა მეორე დღესვე უარყო. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ მეუფე იაკობის ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც მან თავადვე დაადასტურა, რის გამოც სამართლებრივად ის ვერ დაედებოდა საფუძვლად გამოძიების დაწყებას.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომელიც ეხებოდა პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს, ამ ნაწილშიც მეუფე იაკობის განცხადებები არაერთ უზუსტობასა  თუ წინააღმდეგობრივ დებულებებს შეიცავს. მეუფე იაკობის მიერ შეხვედრაზე დამსწრეთა შორის დასახელებულმა პირებმა, (როგორც სასულიერო, ისე საერო) საჯაროდ კატეგორიულად უარყვეს არა თუ პატრიარქის გადაყენების საკითხის განხილვა რაიმე შეხვედრაზე, არამედ თავად ამგვარი შეხვედრაც კი. აღნიშნული  ფაქტობრივად გამორიცხავს ამ ინფორმაციის სისწორის თეორიულ შესაძლებლობასაც კი.

საქართველოს პროკურატურაში ასევე შეაფასეს მეუფე იაკობის განცხადების ის ნაწილი, რომელიც შეეხება რამაზ ნიკოლაიშვილის მიმართ შესაძლო დანაშაულს. ამ ნაწილში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად დანაშაულის შედეგად შესაძლო დაზარალებულმა პირმა საჯაროდ უარყო მის მიმართ რაიმე სახის უკანონო ქმედებების განხორციელება, რის გამოც აღნიშნული განცხადება მიჩნეულ იქნა დაუდასტურებელ ინფორმაციად“, – წერს პროკურატურა.

როგორც გუშინ „მთავარი არხის” ეთერში, სინოდის წევრმა, ჩრდილო ამერიკის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა განაცხადა, მეუფე იაკობმა სინოდის სხდომაზე მოინანია იმ განცხადების ფორმა, რომლითაც ხელისუფლების მხრიდან პატრიარქის წინააღმდეგ გეგმაზე ისაუბრა, მაგრამ განცხადების შინაარსზე არ უმსჯელიათ.

„ფორმაზე იყო საუბარი და სინანული გამოხატა ამ ფორმაზე“. – შეკითხვაზე, ითხოვა თუ არა მან შინაარსზე შენდობა, ანუ უარყო თუ არა, რაც ადრე თქვა, ეპისკოპოსმა უპასუხა  – „არ ყოფილა ამაზე საუბარი“.

დააკლიკეთ, მოიწონეთ და გააზიარეთ გამოცემა პუბლიკას ფეისბუქგვერდი

LB loan image desktop LB loan image mobile