პროკურატურა: გიორგი დვალიშვილისგან ამოღებულ ვიდეოზე დანიშნულია ექსპერტიზა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციის მაიორ გიორგი დვალიშვილის მიერ მიწოდებულ ვიდეომასალაზე დანიშნულია ექსპერტიზა. უწყებაში ამბობენ, რომ  საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება საზოგადოებას ეცნობება.

როგორც „პუბლიკას“ პროკურატურაში განუცხადეს, უწყებამ გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე 2019 წლის 7 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.


„მთავარ არხი“ ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელზეც, მათი თქმით, ჩანს, როგორ მფარველობს ხელისუფლება მაღალი თანამდებობის პირის კანონდამრღვევ ოჯახის წევრს. სიუჟეტის მიხედვით, აღნიშნული კადრები მათ პოლიციის მაიორმა გიორგი დვალიშვილმა მიაწოდა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეოში აღბეჭდილი ფაქტის შემდეგ მასზე ხელმძღვანელობისგან ზეწოლა დაიწყო. „მთავარი არხის” სიუჟეტში საუბარია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმაზე, ვახო (კიტა) იზორიაზე.

სიუჟეტის მიხედვით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ მაიორი დვალიშვილი დაიბარა და ვიდეომასალის ტელეფონში გადაგზავნა მოსთხოვა. დვალიშვილმა მას უარი უთხრა და განუცხადა, რომ კადრებს მხოლოდ გამოძიებას მისცემდა. „ამის შემდეგ კი დვალიშვილზე ტერორი დაიწყო”.

ჟურნალისტის თქმით, დვალიშვილმა შემდეგ სამართლებრივი ბრძოლა გადაწყვიტა. მან პროკურატურაში იჩივლა და სახალხო დამცველს მიმართა. საჩივრებს თან დაურთო ვიდეოფაილი და მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების დასჯა, ვინც სატელეფონო ზარით დანაშაული დაფარა.

„7  ნოემბერს აღიძრა საქმე კახა ბუხრაძის წინააღმდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების ფაქტზე, [თუმცა] აღიძრა და გაჩერდა. საერთოდ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია”, – ამბობს დვალიშვილი.

დღეს, 24 იანვარს ბრიფინგი გამართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ და დაასახელა იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც, მისი თქმით, ლევან იზორიას ძმის, ვახო (კიტა) იზორიას მფარველობასა და დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდნენ. დეკანოიძე მათ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს,  საქმესთან დაკავშირებით ისინი კომენტარს არ აკეთებენ. მათი თქმით, ვინაიდან პროკურატურაშია გამოძიება დაწყებული, მედიასთან კომენტარი პროკურატურამ უნდა გააკეთოს.