პროკურატურა გიორგი მენაბდისთვის პატიმრობას მოითხოვს | სარალიძის საქმე

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე  გიორგი მენაბდეს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩა N4-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს გიორგი ჯანაშიამ, მიხეილ კალანდიამ და გიორგი მენაბდემ ბასრი საგნების გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, 12 ჭრილობა მიაყენეს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად დავით სარალიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მენაბდე 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს.

მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი მენაბდეს სასამართლო სხდომა დღს, 16 აპრილს, 17:00-ზეა ჩანიშნული.