თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის გავრცელებული განცხადების მიხედვით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილში ბრალდებულებმა დაზარალებული ვითომდა სამუშაოდ, მოტყუებით გაგზავნეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და გადასცეს პირს, რომელთანაც სოლიდური ფინანსური ვალდებულება გააჩნდათ.
პროკურატურის ცნობით, დაზარალებული საზღვარგარეთ მონობის თანამედროვე პირობებში აღმოჩნდა. კერძოდ, მას ჩამოართვეს პასპორტი, შეუზღუდეს თავისუფალი გადაადგილება და კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, ამასთან ადგილი ჰქონდა მუდმივ ძალადობას.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით და 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.