პროკურატურამ 14 წლის გარდაცვლილი გოგოს ბაბუას ბრალი ორი მუხლით წარუდგინა

პუბლიკა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი 14 წლის გოგოს სავარაუდო თვითმკვლელობის საქმეზე, არასრულწლოვანის ბაბუას ბრალი წარუდგინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, ს.ც.-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს ნ.ც.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. სამართალდამცავებმა ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 15 თებერვალს დააკავეს. დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციითვე, არასრულწლოვანის ბაბუას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა, რაც, მათივე თქმით, სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.


10 თებერვლის საღამოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დიაწყო.