რა შეკითხვები აქვს PHR-ს, რომელიც ქობულეთში 14 წლის გარდაცვლილი გოგოს საქმეში ჩაერთო

პუბლიკა

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ქობულეთში 14 წლის გარდაცვლილი გოგოს საქმეში ჩაერთო და მის ინტერესს დაიცავს.

როგორც იურისტმა, ანა თავხელიძემ „პუბლიკას“ განუცხადა, ორგანიზაციამ დღეს გააგზავნა ორდერი. შესაბამისად, ჯერჯერობით არ აქვთ წვდომა საქმის მასალებთან, თუმცა მომხდართან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ, ერთი მხრივ, პოლიციამ არაეფექტური რეაგირება მოახდინა და, მეორე მხრივ, ბავშვს არ მოუწვდებოდა ხელი ყველა იმ სერვისზე, რომლის გამოყენებაც იყო აუცილებელი.

„ჩვენ მოლოდინი გავქვს, რომ სახელმწიფო უწყებები დაიწყებენ  პოლიციელების და სოციალური მუშაკის მხრიდან შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლას და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, იმიტომ, რომ ძალიან გაჭიანურდა, გამოძიების პროცესში გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც პირის დაკავების შესახებ ან სხვა შემზღუდავი ღონისძიების შესახებ. თუმცა, ამ ნაწილში პოლიციასთან ერთად კითხვის ნიშნები არსებობს პროკურატურასთანაც, იმიტომ, რომ, მაგალითად, პირის მიმართ დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი და მათ შორის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას…

ამიტომ ჯერჯერობით, სანამ უშუალოდ საქმის მასალებს არ ვიცნობთ, გაგვიჭირდება, ვისაუბროთ უფრო მეტ დეტალზე, თუ რა გარემოებები იყო და რა გარემოებები არ გაითვალისწინა საგამოძიებო ორგანომ, თუმცა როგორც კი ჩვენ ეს ინფორმაცია ხელთ გვექნება და გვექნება წვდომა მასალებზე დეტალურად შევაფასებთ ყველა იმ დარღვევას რომელსაც ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უწყენების მხრიდან“, – აცხადებს ანა თავხელიძე.

მისივე თქმით, მათ ამ ეტაპზე არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რა ტიპის სახელმწიფო მხარდაჭერას იღებდა მოზარდი. თუმცა სოციალური სამსახურის განცხადების საფუძველზე მათთვის ცნობილია, რომ შეთავაზებული იყო ფსიქოლოგის დახმარება, თუმცა მასთან არ მუშაობდა ფსიქოლოგი. თავხელიძე განმარტავს, რომ ცხადია, როცა ეჭვი არსებობდა სექსუალურ ძალადობაზე, ბავშვთან უნდა ემუშავა ფსიქოლოგს, უფრო მეტიც, ხშირად ფსიქიატრის ჩართულობაც საჭიროა ხოლმე იმდენად მატრამვირებელი გამოცდილებაა სექსუალური ძალადობა. მისივე თქმით, ასევე აქვთ ინფორმაცია, რომ ბავშვთან მუშაობდა სოცმუშაკი, მაგრამ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა მიმართულებით მუშაობდა.

„თუ სოცმუშაკი რაიმე მიმართულებით მაინც მუშაობდა, არ შეიძლება ბავშვის მდგომარეობა მხედველობიდან გამორჩენოდა, უნდა სცოდნოდა სოცმუშაკს, ან იცოდა და შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა. ამ ორიდან რასთან გვაქვს საქმე, საქმის მასალების გაცნობის მერე მივხვდებით, ან შეიძლება ყველაფერი გააკეთა სოცმუშაკმა და პოლიციამ არ იმოქმედა, საქმე უნდა ვნახოთ, დეტალები, ვისი მხრიდან რა დარღვევა იყო…

უფრო დეტალურად ამ საკითხებზე საუბარს შევძლებთ მასალების გაცნობის შემდეგ, უფრო თამამად მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგვეძლება შეფასების გაკეთება“, – ამბობს ანა თავხელიძე.

წუხელ, 10 თებერვლის საღამოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დიაწყო.

გარდაცვლილი ბაბუამ იპოვა. როგორც ის ჟურნალისტებს ეუბნება, გოგო გასულ ზაფხულს გააუპატიურეს. მისი თქმით, ეს იცოდა პოლიციამ, გოგოს ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზაც, თუმცა პასუხმა დაიგვიანა, რასაც, ბაბუის თქმით, არასრულწლოვანი განიცდიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქობულეთში 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს დააკავა.

უწყების ცნობით, მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა”, – წერს შსს.

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.