პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მორჩილს სხვის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა-ძალადობისთვის

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარის, თვითნებობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ვ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.გ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს მიმართ განახორციელა დამამცირებელი მოპყრობა, კერძოდ ძალადობის მუქარით ამ უკანასკნელს გაპარსა წვერი, გახადა სასულიერო პირის შესამოსელი, რითაც ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა რ.მ.

ვ.გ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს მიმართ რამოდენიმეჯერ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ კვლავ ჩაიცმევდა სასულიერო პირის შესამოსელს, ამ მიზნით მან თვითნებურად გახადა, წაართვა და აუკრძალა მისი ჩაცმა.

ვ.გ.-მა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა ამ უკანასკნელის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია, ვიდეოჩანაწერების სახით, რაც ინტერნეტის მეშვეობით ასევე უკანონოდ გაავრცელა“, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

უწყების თქმით, სამართალდამცველებმა ვ.გ. 2022 წლის 21 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144³ მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით  (ორი ეპიზოდი) (ძალადობა), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (მუქარა), 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) და 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ვ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


სამი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს ერთი, სავარაუდოდ, სასულიერო პირი მეორეზე. ვიდეო 4 წუთს გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ერთი მეორეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და რამდენჯერმე ეკითხება, რატომ ჩაიცვა ანაფორა. გარდა ამისა, პირი, რომელიც მეორეს სცემდა, გადამღებს ეუბნება – „არ გათიშო, გადაიღე“.

ძალადობის ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ, რომელიც ამბობს, რომ „ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი“.

საპატრიარქოს მტკიცებით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი, ისინი მორჩილები არიან. მათივე თქმით, ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება ვიდეოს გავრცელებისთანავე დაიწყეს.