ძალადობისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოების გავრცელების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს. უწყებიც ინფორმაციით, მას ბრალი ედება ძალადობით განხორციელებულ დევნაში, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებაში.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში რ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელდა“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

უწყების თქმით, ძალადობით განხორციელებული დევნის, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.


გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს ერთი, სავარაუდოდ, სასულიერო პირი მეორეზე. ვიდეო 4 წუთს გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ერთი მეორეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და რამდენჯერმე ეკითხება, რატომ ჩაიცვა ანაფორა. გარდა ამისა, პირი, რომელიც მეორეს სცემდა, გადამღებს ეუბნება – „არ გათიშო, გადაიღე“.

ძალადობის ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ, რომელიც ამბობს, რომ „ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი“.

საპატრიარქოს მტკიცებით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი, ისინი მორჩილები არიან. მათივე თქმით, ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება ვიდეოს გავრცელებისთანავე დაიწყეს.