პროკურატურამ ე.წ. ცრუ დასმენის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

პუბლიკა

პროკურატურამ ე.წ. ცრუ დასმენის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქაშიაშვილი გამოკითხვაზე 29 ივნისს, 16:00 საათზეა დაბარებული და ის პროკურატურაში მისვლას გეგმავს.

17 ივნისს პროკურატურამ ცრუ დასმენის მუხლით გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადება „ფორმულას“ მიერ ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, გამოიკითხა გოგა ხაინდრავა და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.


აღსანიშნავია, რომ გოგა ხაინდრავას „ფორმულასთან“ მიმდინარე სამოქალაქო დავა აქვს. ის დავობს, რომ ტელეკომპანია მასზე ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს.

დავის საგანია რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც, „ფორმულას“ წყარო უყვება, რომ „2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა”.

სამოქალაქო დავაზე მოსამზადებელი სხდომა სასამართლოში 16 ივნისს გაიმართა. ხანდრავა პატივისა და ღირსების შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

„ფორმულას“ ადვოკატმა ეთერ ქათამაძემ განაცხადა, რომ მხარე მის მოთხოვნას არ ეთანხმება და წარმოდგენილი აქვთ 120-გვერდიანი მტკიცებულებები, რის გამოც მოსამზადებელი სხდომა 1 ივლისამდე გადაიდო.