პროკურატურამ გამოძიების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო - გენპროკურორის მოადგილე

პუბლიკა

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის, ბაკურ აბულაძის თქმით, საქართველოს პროკურატურამ გამოძიების პროცესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა დაიწყო.

IBM I2 ანალიზის პროგრამა, აბულაძის თქმით, მოცულობითი ელექტრონული ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზისთვისაა განკუთვნილი. პროგრამა, როგორც აბულაძე ამბობს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით დაინერგა და ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაში ფულის გათეთრების, კიბერდანაშაულის, თაღლითობისა და სხვა კომპლექსური ხასიათის დანაშაულის გამოძიებაში დასახმარებლად გამოიყენება.

„პროგრამა მონაცემების ანალიზის, დახარისხების, სტრუქტურიზაციისა და ავტომატიზაციის საფუძველზე, დროის მცირე მონაკვეთში უზრუნველყოფს დამუშავებული, მშრალი მონაცემების ვიზუალიზაციით ორ ან რამდენიმე ქსელს შორის კავშირის გამოვლენას, ასევე – შაბლონური ქცევებისა და ლატენტური საფრთხის აღმოჩენას და დანაშაულებრივი ქმედებების მიდევნებას. სისტემაში მონაცემების მიღება-დამუშავება შესაძლებელია რეალურ დროშიც“ – აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.

ბაკურაძის თქმით, პროგრამის დახმარებით ასევე შესაძლებელა სოციალური ქსელის მონაცემების ზედდება სხვა საგამოძიებო მასალებზე.