პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრს, აქტივისტ გელა ხასაიას ბრალდება წარუდგინა. გამოძიება მას ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება. უწყება ამბობს, რომ ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.
თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. უწყებას გამოძიება დაწყებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ მედიასთან თქვა, რომ ხასაია არ იცნობს იმ პიროვნებას, რომელიც ამავე საქმეზეა დაკავებული და რომ საქმეში ნეიტრალური მტკიცებულებები, ამ ეტაპზე, არაა:
„არ იცნობს გელა ხასაია აღნიშნულ პირს, ვინც არის დაკავებული. მისი სახელი და გვარი ჩვენც საქმის მასალებიდან შევიტყვეთ. რაც შეეხება გელას დამოკიდებულებას, ეს ცხადი და ერთმნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომელი იქნება ახლა ნუმერაცია იქ მუხლის და რამდენი ექნება სასჯელი, ჯამი ერთია, რომ გელას მიმართ წარდგენილი ბრალდება არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დევნა და არ შეიძლება, მას ჰქონდეს რაიმე განსხვავებული საფუძველი.
გელა თვეების და წლების განმავლობაში იღებდა სხვადასხვა დროს მუქარას, რომ მისი სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმის მიზეზით მას დააკავებდნენ და ძალიან დიდ დროს გაატარებდა ციხეში. მათ შორის, დაკავების შემდგომაც გელას უთხრეს, რომ დაპირება შეუსრულეს და აკავებდნენ ამიტომ სისხლის სამართლის წესით.
შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, გელას აზრით, კონკრეტულად რა იქნება მუხლი და რა იქნება ბრალდება მის წინააღმდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე ბრალდება შემთხვევითი არ ყოფილა და ამით გარკვეული გადაზღვევა მოხდა თავის და შექმნეს სურათი იმისა, რომ გელა ხასაიას მიმართ არ ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობაზე ნაკლებად მძიმე სხვა აღკვეთის ღონისძიება.
მოკლე დროში ჩვენ [საქმის მასალების] სრულად გაცნობის საშუალება არ გვქონია, მაგრამ გადახედვით ასე ვთქვათ და ნუსხის გაცნობით ვნახეთ, რომ არავითარი ნეიტრალური მტკიცებულება, როგორიცაა კამერის ჩანაწერი, როგორიცაა სხვა რიამე ისეთი ინფორმაციის მატარებელი, საქმეში არ დევს ამ ეტაპისთვის. საქმეში არის მხოლოდ და მხოლოდ ამ პირების ჩვენებები“, – თქვა გელა ხასაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ.