საქართველოს პროკურატურამ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა. უწყება მას სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავება. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე ეხება „მტკვარი ჰესს“. უწყების ცნობით, 2014 წლის ნოემბერში, „თანაინვესტირების ფონდმა“ კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგთან“ წერილობითი შეთანხმება გააფორმა და კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების, ასევე არსებული აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე პასუხისმგებლობა აიღო. განცხადებაში წერია, რომ იმავე წელს კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგმა“ გიორგი ბაჩიაშვილის ინიციატივით შპს „მტკვარი ჰესის“ წილი შეიძინა.
„თავდაპირველი გათვლებით მტკვარი ჰესი მომგებიან საინვესტიციო პროექტს წარმოადგენდა, რომლის აშენების ღირებულება დაახლოებით 140 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო.
მტკვარი ჰესის პროექტის შეძენამდე, თანაინვესტირების ფონდის დაკვეთით, ჰესის პროექტის ექსპერტიზა და შესაბამისი კვლევები ჩატარდა, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი, ასევე არსებითი ხასიათის რისკი და საფრთხეები გამოვლინდა, გამოვლენილი რისკები სავალდებულოდ უნდა გათვალისწინებულიყო როგორც ჰესის მშენებლობის დაწყებისას, ასევე მიმდინარეობის პროცესში“, – წერია განცხადებაში.
როგორც პროკურატურა ამბობს, ბაჩიაშვილი სრულად იყო პასუხისმგებელი „ჯი სი ეფ ლუქსემბურგის“ საინვესტიციო პროექტების და აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე, თუმცა „არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად“.
„შედეგად მტკვარი ჰესის საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაცია შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით – 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა,საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა ჰესი ექსპლუატაცია დღემდე არ შესულა, შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია განცხადებაში.
გარდა ამ საქმისა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ამ საქმის განხილვა სასამართლოში დასასრულს უახლოვდება.