პროკურატურამ გვაცნობა, რომ ხვალ ივერი მელაშვილს ბრალდებას დაუზუსტებენ - ადვოკატი

პუბლიკა

კარტოგრაფების საქმის ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ ხვალ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდებას დაუზუსტებენ. ამ ეტაპზე ადვოკატი დატალებზე ვერ საუბრობს.

„პროკურატურამ გვაცნობა, რომ ხვალ ივერი მელაშვილს ბრალდებას დაუზუსტებენ. რაც ჩვენთვის ამ ეტაპისთვის არის ცნობილი, მუხლს არ ცვლიან. აპირებენ, დააზუსტონ ბრალდების შინაარსი. დეტალებს ხვალ 12:00 სთ-ზე გლდანის N8 დაწესებულებაში გავიგებთ.

დეტალებს ხვალ შევაფასებთ. თუმცა მანამდე რაც შეიძლება ითქვას, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჯერ დააპატიმრეს ადამიანი უმძიმესი ბრალდებით და 4 თვის შემდეგ აზუსტებენ რისთვის დააპატიმრეს 4 თვის წინ”, – წერს მარიკაშვილი facebook-ზე.


აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში 8 ოქტომბრიდან არიან.

გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა.